რეზისტიული არტერიები, მათი ნორმალური ფუნქცია და პათოლოგიური რეაქციები

59გ. მჭედლიშვილი, ბ. წინამძღვრიშვილი, მ.მანწკავა

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება პათოფიზიოლოგიის აქტუალური საკითხები თბილისი, საქართველო 1993, 42–45
მიკროცირკულაციის კვლევის რესპუბლიკური ცენტრი.

2. ი.ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი.


მიკროცირკულაციის და ადგილორივი სისხლის მიმოქცევის ცვლილებების შესწავლისას ჩვენ ყოველთვის ვანაალიზებდით იმ არტერიების ფუნქციას, რომლებსაც რეზისტიული ეწოდება. როგორც ცნობილია, ამ ტერმინით აღინიშნება შედარებით მცირე ყალიბის მქონე არტერიები, რომლებსაც ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ვაზომოტორული რეაქციები ნორმისა და პათოლოგიის პირობებში. იყო პერიოდი, როდესაც მსოფლიო ლიტერატურაში ამ ტერმინით აღნიშნავდნენ მხოლოდ უწვრილესი ყალიბის არტერიებს იმ ვარაუდით, რომ მათში სანათურის მცირე დიამეტრის გამო წინაღობა სისხლის ნაკადისათვის განსაკუთრებით დიდია.  მაგრამ ჩვენი აზრით, საკითხისადმი ასეთი მიდგომა არასწორია. საქმე იმაშია, რომ სისხლის მიმოქცევის რეგულირება, დამოუკიდებლად იმისა, ეს ეხება ცენტრალურ თუ პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას, დამოკიდებულია არა სტაციონარული წინაღობის სიდიდეზე, არამედ ამ უკანასკნელის შესაძლებელ ცვლილებებზე. ამიტომ რეზისტიული არტერიები უნდა ეწოდოს იმ სისხლძარღვებს, რომლებიც ცვლიან პერიფერიულ წინაღობას და თავის მხრივ განაპირობებენ როგორც ცენტრალური სისხლის მიმოქცევის (ძირითადად ზოგად არტერიულ წნევას), ისე მიკროცირკულაციის ამა თუ იმ ორგანოში ეს ეხება როგორც ნორმას, ისე პათოლოგიას, როდესაც სწორედ მათზეა დამოკიდებული არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება ან ორგანიზმის ამა თუ იმ ნაწილში მიკროცირკულაციის ცვლილება.

     ის ფაქტი, რომ რეზისტიული არტერიები აუცილებლად არ არიან უმცირესი ყალიბის არტერიოლები დადგინდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შესწავლისას. ჩვენ გამოვავლინეთ, რომ რეზისტიული არტერიების როლს აქ ასრულებენ ტვინის მაგისტრალური არტერიები (შიგნით საძილე და ხერხემლის არტერიების გარკვეული მონაკვეთები), რომელთა მეშვეობითაც რეგულირდება თავის ტვინის სისხლის მომარაგება. მეორე მხრივ რეზისტიული არტერიების როლს აქ ასრულებენ პიალური არტერიები, რომლების განლაგებული არიან თავის ტვინის ზედაპირზე და არეგულირებენ თავის ტვინის ქსოვილის სისხლით  ადექვატურ მომარაგებას. მისი მეტაბოლური მოთხოვნილების შესაბამისად. მაშასადამე თავის ტვინის რეზისტიული არტერიების როლს ასრულებენ როგორც მსხვილი, ისე წვრილი არტერიები. სხვათა შორის ეს დებულება რეგისტრირებული იქნა სახელმწიფო დონეზე, როგორც მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

     რაც შეეხება რეზისტიულ არტერიებს ორგანიზმის სხვადასხვა რეგიონებში, მაგალითად, ზედა და ქვედა კიდურებში, აქ თავის ტვინისგან განსხვავებით, რეზისტიული არტერიები არ არიან ანატომიურად დიფერენცირებულნი, ისინი წარმოადგენენ წვრილ და უწვრილეს სისხლძარღვებს, რომლებშიც მკაფიოდ იცვლება წინაღობა როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული სისხლის მიმოქცევის რეგულირებისა და დარღვევის დროს. კერძოდ, ცირკულაციის სხვადასხვა სახის პათოლოგიის განვითარებისას რეზისტიულ არტერიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორგვარ პროცესში. ერთი მხრივ, ეს არის ამა თუ იმ არტერიების მკაფიო პათოლოგიური შევიწროება, ე.ი. არტერიის სპაზმი, რომლის შედეგად ირღვევა სათანადო ორგანოს ან უბნის სისხლმომარაგება. მეორე მხრივ, ეს არის ორგანიზმის მრავალი რეზისტიული არტერიის შევიწროება, რის გამოც საგრძნობლად მატულობს ზოგადი პერიფერიული წინაღობა სისხლძარღვოვან სისტემაში და ვითარდება არტერიული ჰიპერტენზია.

     არტერიების სპაზმის პათოგენეზის დაწვრილებითი შესწავლა შესაძლებელი გახდა თავის ტვინის მაგისტრალური არტერიების მაგალითზე. ნორმის პირობებში თავის ტვინი სისხლით მარაგდება ერთდროულად ოთხი მაგისტრალური არტერიით. რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია როგორც ამ სისხლძარღვთა დასაწყისში, ისე მათ ბოლოში (აორტის რკალის და ვილისის წრის მიდამოში). ამიტომ ამა თუ იმ მაგისტრალური (მაგალითად შიგნითა საძილე) არტერიის გამოთიშვა ექსპერიმენტში არ არღვევს თავის ტვინის სისხლმომარაგებას. ამრიგად, შესაძლებელი გახდა ერთერთი საძილე არტერიის სისხლის მიმოქცევისაგან იზოლირება. მისი კუნთოვანი შრის შეკუმშვის დაწვრილებითმა შესწავლამ საშუალება მოგვცა გაგვეანალიზებინა ის მოვლენები არტერიულ კუნთებში, რომლებიც საფუძვლად უდევს სპაზმის განვითარებას. გამოირკვა, რომ სპაზმი ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც არტერიების კუნთის შეკუმშვის უნარი შენარჩუნებული ან გაძლიერებულია, ხოლო მისი მოდუნების პროცესი (რომელიც თავის მხრივ აქტიურია) არის დარღვეული ისე, რომ არტერიის კუნთი ზოგჯერ სრულიად კარგავს მოდუნების უნარს. შესწავლილი იყო აგრეთვე ის უჯრედული მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ სისხლძარღვთა პათოლოგიურ ვაზომოტორულ რეაქციებს, რომლის შედეგად ვითარდება არტერიული სპაზმი (მჭედლიშვილი, 1977, 1986).

     ბოლო ხანში მიკროცირკულაციის კვლევის რეპუბლიკურ ცენტრში შევიმუშავეთ მეთოდიკა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა შეგვესწავლა რეზისტიული ტიპის პერიფერიული არტერიების  შეკუმშვისა და მოდუნების დინამიკა ადამიანში როგორც ნორმის ისე არტერიული ჰიპერტენზიის სხვადასხვა ფორმის დროს. გამოირკვა, რომ ესენციალური ჰიპერტენზიის შემთხვევაში რეზისტიული არტერიების გლუვი კუნთების რეაქციები ემსგავსება იმ რეაქციებს, რომლებსაც ადგილი აქვს არტერიების სპაზმის განვითარების დროს. სახელდობრ, ამ შემთხვევაში სისხლძარღვოვანი კუნთის რეაქციებისთვის დამახასიათებელია ის, რომ მათი შეკუმშვის უნარიანობა მომატებულია, მაშინ, როდესაც მოდუნების შესაძლებლობა შეზღუდულია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი პათოგენეზური რგოლი ჰიპერტონული დაავადების განვითარებაში. ამ სისხლძარღვოვანი რეაქციების შესწავლა ავადმყოფებში საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ დიაგნოსტიკის ხარისხი და ავადმყოფთა ინდივიდუალური მკურნალობა.

 

         

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

↓